გორის მუნიციპალიტეტში 13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალდებულს ბრალდება დაუმძიმდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
ზ.მ.-ს ბრალდება 5 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცავებმა ზ.მ. 19 თებერვალს დააკავეს. 21 თებერვალს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მედიასა და საზოგადოებას გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და, არამარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, ასევე, დაზარალებულთან კომუნიკაციის მცდელობისგან, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანი ძალდობის მსხვერპლის ინტერესების შელახვა და მეორეული ვიქტიმიზაცია.