გორში „იავნანას“ სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გორში მასობრივი ინტოქსიკაცია ნაწლავურმა ინფექციამ, იმავე ნოროვირუსმა გამოიწვია.
შაბათ-კვირას კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით 48 ბავშვი შეიყვანეს. მოწამვლის ნიშნებით კლინიკას მოზარდებმა მომდევნო დღეებშიც მიმართეს. 100-ზე მეტი ბავშვის ინტოქსიკაციის მიზეზად მაშინ ექიმი, სავარაუდოდ, წყალს ან საკვებს ასახელებდა. რამდენიმე მოზარდს სტაციონალური მკურნალობაც უტარდებოდა.
დღეს ლია ლაზარაძემ განაცხადა, რომ ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, მოწამვლის მიზეზი ნაწლავური ვირუსული ინფექცია – ნოროვირუსი გახდა. მისი თქმით, საჭიროა ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხების ცოდნაც საბოლოო დასკვნის გამოსატანად.
„ნოროვირუსი მიეკუთვნება ნაწლავური ვირუსული ინფექციების ჯგუფს, რომელიც, ძირითადად, დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და რამდენიმე დღე გრძელდება. ძალიან დიდი მიმღებლობა აქვთ ადამიანებს ამ ვირუსის მიმართ. კვლევა გრძელდება და ამის შემდეგ გვეცოდინება საბოლოო მიზეზი“, – ამბობს ექიმი. მისი თქმით, ამჟამად კლინიკიდან ყველა პაციენტი გაწერილია.