გორში ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული ბერ-მონაზონი გაამართლეს

პუბლიკა

გორის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ბერ-მონაზონის, ანტონ მაისურაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს – თერთმეტი ნაფიცი მსაჯული ერთის წინააღმდეგ. ამის შესახებ „პუბლიკას“ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებულს 7-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებული თავს იცავდა და განზრახ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია.


ანტონ მაისურაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2021 წლის 7 აგვისტოს დააკავეს.

პროკურატურის ვერსიით, 2021 წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. პროკურატურის ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებული იყო „АК 74″-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

2021 წლის 7 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი.