გორში პოლიციელს ძალადობაში ადანაშაულებენ - დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

გორის პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

„TV პირველთან“ ინტერვიუში პირი, რომელიც სამართალდამცველს ადანაშაულებს, ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომელმა მას სცემა და შეაფურთხა. მისი თქმით, შემთხვევა მისი დაკავების დროს მოხდა.

„მტაცა ხელი, რამდენს ლაპარაკობო და დამიწყო ძალადობით გათრევა. რომ ვუთხარი, რის საფუძველზე მაკავებთ-მეთქი, ბევრს ნუ ლაპარაკობო და ჩამსვეს „პიკაპში“, დამადეს ბორკილები. მანქანაში რომ დამსვეს, გვერდით მომიჯდა ეს ჯოყოლიჩი [პოლიციელის მეტსახელი]. „ფუ შენნაირი კაცის დედაო“ – ასე მითხრა და შემაფურთხა, რაზეც ბუნებრივია, პასუხი დავუბრუნე მეც, შევაგინე.

გამოვიდა წყობილებიდან და დამიწყო რტყმა. ხელები შეკრული მქონდა, მძიმე წუთები განვიცადე, 14 დარტყმა ავიტანე და მე-15-დან აღარ მახსოვს არაფერი. გონება დავკარგე… დაზიანება მივიღე ყურიდან, ჩირქში მაქვს ეს ადგილი, მომენტებში რეალობიდან გავდივარ ხანდახან“, – ეუბნება სერგო ბიჩენოვი „TV პირველს“.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო 30 დეკეკმბერს, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გადამეტებით.