გორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად მე-6 მგზავრი გარდაიცვალა

პუბლიკა

გორთან ახლოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-6 დაშავებული გარდაიცვალა.

„გუშინ შემოვიდა ავტოავარიის შედეგად 11 პაციენტი. ერთი იყო კრიტიკულად მძიმე და ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. გარდაიცვალა. ერთი იყო რეფერირებული კლინიკიდან, დანარჩენ პაციენტებს გაეწიათ პირველადი სამედიცინო მკურნალობა და უარი განაცხადეს შემდგომ მკურნალობაზე. ამ ეტაპზე კლინიკაში არც ერთი მათგანი აღარ იმყოფება“, – განაცხადა „გორმედის“ ექიმმა.

დაშავებულთაგან ერთი დღეს დილით თბილისში, კლინიკა „ჯერარსში“ გადმოიყვანეს.

„დილით, 03:10-ზე შემოყვანილია პაციენტი. გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გადმოყვანილია გორის „გორმედიდან“. არის მძიმე კომბინირებული პოლიტრავმა, არის თავის ტვინის დაჟეჟილობა. ყველაზე მძიმე არის გულ-მკერდის დაჟეჟილობა ფილტვების დაჟეჟილობით და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, არის ასევე სახის ძვლების მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა არის ჯერჯერობით საკმარისად მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ღამით მოხერხდა მისი შედარებითი სტაბილიზაცია“, – განაცხადა დავით ყაზაიშვილმა, „ჯერარსის“ სამედიცინო დირექტორმა.

გორთან ავარია გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა. დასავლეთის მიმართულებით მიმავალ მიკროავტობუსს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც ცნობილია, მიკროავტობუსი თბილისიდან ზუგდიდში მიდიოდა. მგზავრები თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშიას” საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ.