შინაგან საქმეთა სამინისტოს ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, სატვირთო ავტომანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
უწყების განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორც ცნობილია, მიკროავტობუსი თბილისიდან ზუგდიდში მიდიოდა. მგზავრები თბილისში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშიას” საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ.
ავტოავარიას გამოეხმაურა ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე.
„წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა.. ჩვენი გადასარევი ადამიანები, მხარდამჭერები დავკარგეთ.. გული მაქვს გაგლეჯილი”, – წერს დეკანოიძე facebook-ზე.