GRASS-ს სურს, შეიქმნას მრავალპარტიული რეზოლუცია EU-ის სტატუსთან დასაახლოებლად 

პუბლიკა

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი გამოვიდა ინიციატივით, პარლამენტმა შეიმუშაოს მრავალპარტიული რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერება, რომ განსხვავებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მხარს უჭერენ, საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

პაატა გაფრინდაშვილის თქმით, რეზოლუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ხელისუფლება და ოპოზიციური სპექტრი მზად არიან, დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ყველაფერი გააკეთონ საიმისოდ, რომ შესრულდეს 12 რეკომენდაცია.

„წარმოვადგენ იმ ერთ რეკომენდაციას, წინადადებას, რაზეც დღეს ვსაუბრობდით, თუ რა შეიძლება იყოს უახლოესი ისეთი პოზიტიური ნაბიჯი, რასაც არ დასჭირდება დიდი ძალისხმევა, დასჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნების გამვლენა – პარლამენტმა მიიღოს რეზოლიცია მრავალპარტიული მხარდაჭერით დაამ რეზოლუციაში ითქვას, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ხანდახან რადიკალურად განსხვავებული პოზიციებისა, მხარს ვუჭერთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წელს, იმისათვის, რომ ჩვენ ვიაროთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ მხრივ გამოვთქვამთ იმედს, რწმენას, რომ ეს წელს მოხდება”. – თქვა პაატა გაფრინდაშვილმა.

GRASS-ის დირექტორმა ამის შესახებ დღეს სტატუსმეტრის პრეზენტაციაზე განაცხადა– არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შეფასების მე-6 დოკუმენტი წარმოადგინეს. შეფასების თანახმად, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია – ორი; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).