გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დაინიშნება

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალ სამინისტროში მინისტრად სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაინიშნება.

„გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი.

[…] იყო განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. მათ შორის იყო მოადგილეების თემა, რაზეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები“, – თქვა კობახიძემ.

2 აპრილს კობახიძემ განაცხადა, რომ იცვლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელები, ორ სამინისტროდ ჩამოყალიბდება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო.

თავდაპირველად, „ქართული ოცნების“ პრემიერმა დააანონსა, რომ რეგიონული სამინისტროს მინისტრის პოსტს დაიკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ანრი ოხანაშვილი ინიშნება. ოხანაშვილის დამტკიცებას დღეს, 4 აპრილს ეყრება კენჭი.