გრიგორიადისისთვის კარვის ჩამორთმევით უკანონოდ შეიზღუდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება - NGO-ები

პუბლიკა

„კარვის, როგორც საკუთრების, ჩამორთმევისას, პოლიციელებს ბექა გრიგორიადისისთვის არ განუმარტავთ მისი ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა“, – 11 არასამთავრობო ორგანიზაცია მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მიმართ უფლებების დარღვევაზე განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციების ცნობით, ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციის სპეციალური მიზანი იყო, აქციის მონაწილეებისათვის არ მიეცათ კარვის გაშლის უფლება. მათი განცხადებით, კარვის გაშლამდე და მის ჩამორთმევამდე პოლიციას არ გაუფრთხილებია მოქალაქეები, არ გაეშალათ კარავი.

ორგანიზაციების განმარტებით, შეკრების შეწყვეტა ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ასეთი შეკრება მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ამ უფლებით სარგებლობისას მოქალაქეებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი პროტესტი ნებისმიერი საკითხის მიმართ, საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე – საჯარო თავშეყრის ადგილებში.

„28 მაისს საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ, ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში, რომელიც პარლამენტის შენობიდან 20 მეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული, უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა.

იმავე საღამოს ბექა გრიგორიადისი შეეცადა სკვერში კარვის გაშლას, მაგრამ იქვე მობილიზებული რამდენიმე პოლიციელი მაშინვე თავს დაესხა და წაართვა კარავი. ბექა გრიგორიადისს და მის მხარდამჭერებს მეორე დღეს – 29 მაისსაც ჰქონდათ მცდელობა სკვერში გაეშალათ კარავი, მაგრამ პოლიციამ მათ იმავე ძალადობრივი მეთოდებით არ მისცა ამის უფლება. ინციდენტისას დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი, ბეჟან წვიმიტიძე, რომელიც მობილური ტელეფონით იღებდა პოლიციის უკანონო ქმედებებს.

კარვის გაშლამდე და მის ჩამორთმევამდე პოლიციას არ გაუფრთხილებია მოქალაქეები, არ გაეშალათ კარავი. ამასთან, კარვის, როგორც საკუთრების, ჩამორთმევისას, პოლიციელებს ბექა გრიგორიადისისთვის არ განუმარტავთ მისი ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, ბექა გრიგორიადისისთვის კარვის ჩამორთმევით და ამ დროს არაპროპორციული ძალის გამოყენებით უკანონოდ შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, ეს არ იყო დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებლობით გამოწვეული და უფლების შეზღუდვისას არ ყოფილა გამოყენებული პროპორციულად შემზღუდველი ღონისძიება, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი”, – წერია განცხადებაში.


მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის თქმით, უწყვეტი აქციები დაიწყო.

კარვის ჩამორთმევის შემდეგ, 29 მაისს, „პუბლიკა” ბექა გრიგორიადისს ესაუბრა. მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისი მხოლოდ მისი განსხვავებულობის და მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე სიარულის გამოა დაკავებული, რადგან მტკიცებულებებში „არ ჩანს უშუალოდ ლაზარეს ხელით გასროლილი მოლოტოვის კოქტეილი, საერთოდ არ არის გარჩევადი კონკრეტული სახეები”. ბექა გრიგორიადისი ამბობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას იქამდე აპირებს, სანამ სამართალს არ მიაღწევს.