გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა გადაეცა ოკუპირებულ აფხაზეთს - გამყრელიძე

პუბლიკა

„არც ერთ წელს გრიპის ამდენი ვაქცინა არ გვქონია, თუმცა მიმართვიანობა არ არის მაღალი. ვაქცინა არის ყველგან და ყველას შეუძლია აიცრას“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფომ სულ შეისყიდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 235 000 დოზა, საიდანაც დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის 10 000 გადაეცა ოკუპირებულ აფხაზეთს. გამყრელიძის ინფორმაციით, კერძო სექტორმა დაახლოებით 60 000-70 000 დოზა შეისყიდა.

„ჩვენ შევისყიდეთ 235 000 დოზა, სახელმწიფომ, თორემ გრიპის ვაქცინა გაცილებით მეტი იყო ქვეყანაში, როგორც მაქვს ინფორმაცია, კერძო სექტორს დაახლოებით 60 000-70 000 დოზა ჰქონდა შესყიდული.

დღევანდელი დილის მონაცემებით, დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის 10 000 დოზა ჩვენ გადავეცით აფხაზეთს, საქმის კურსში რომ ბრძანდებოდეთ, ასევე აიცრა ჩვენი ქართული ჯარი და კიდევ ის რისკჯგუფები, რაც ჩამოთვლილია.

რაც შეეხება თავისუფალ დღეებს, პრინციპში, ჩვენ ბოლოს ორჯერ შევიტანეთ ცვლილება ბრძანებაში, რომ შესაძლებელია თითქმის ყველასთვის, ვისაც გსურთ, მიბრძანდით. ანუ, მოვხსენით 65 წელზე ზემოთ შეზღუდვა, თუ გაქვს ქრონიკული დაავადებები მხოლოდ მაშინ. ყველას შეუძლია აიცრას, რადგან, სამწუხაროდ, მიმართვიანობა არ არის მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ წელიწადს ჩვენ ამდენი გრიპის ვაქცინა არ გვქონია.

ასევე, ბოლოს დავამატეთ მასწავლებლები, იცით, ჩართული გვყავდა რისკჯგუფებში ბაღის აღმზრდელები და ინტენსიურად აიცრენ, ასევე მასწავლებლებს შეუძლიათ, თავიანთ პოლიკლინიკებში მიბრძანდნენ და აიცრან, ეს ვაქცინა ყველგან არის, არავინ უარს არ ეუბნება, თუ მივლენ და აიცრებიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.