გრიპის ვაქცინის მოცულობა გასამმაგებულია წინა წელთან შედარებით – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გრიპის ვაქცინის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ წელს შარშანდელთან შედარებით გასამმაგებულია გრიპის ვაქცინის მოცულობა, რომლის მობილიზებასაც სახელმწიფო ცდილობს.

ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვაქცინის 25 000  დოზა უკვე შემოსულია ქვეყანაში და პირველ ეტაპზე ყველაზე მაღალ რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები აიცრებიან.

„მოგეხსენებათ, უკვე პერიოდი იწყება ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბრიდან, სხვა რესპირაციული ინფექციების გააქტიურების. ნოემბერში გამოჩნდება გრიპის ვირუსი, სხვა ვირუსები და იქნება, გარკვეულწილად, ზედდება. არსებობს ორი მოსაზრება, რომ ამ ზედდებამ შესაძლოა, შეამსუბუქოს გრიპის მიმდინარეობა, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება, პირიქით, სინერგიის ეფექტით გამოიწვიოს ამ რესპირაციული ინფექციების გართულება. ამიტომ მზადყოფნა უნდა იყოს.

გუშინ დასაწყობდა, უფრო სწორად გუშინწინ შემოვიდა პირველი 25 000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ვაქცინის, ფრაგნული წარმოების, რომელიც დღეს უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ ჩვენ სახელმწიფოს 135 000 დოზაზე გვაქვს კონტრაქტი და დანარჩენი 110 000 დოზა შემოვა 23 ოქტომბრის კვირაში. ამიტომ პირველ ეტაპზე, ეს 25 000 დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკჯგუფებისთვის და პოლიკლინიკებში აიცრებიან პირველ ეტაპზე ორსულები, მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების პედაგოგები და პერსონალი, ასევე შიდსიანი ავადმყოფები, რომლებიც მკურნალობას გადიან, ასევე – ჰეპატიტიანები, რომლებიც მკურნალობენ და დიალეზზე მყოფი პაციენტები. შემდეგ უკვე, როცა მეორე დიდი პარტია შემოვა, აიცრებია დანარჩენი რისკჯგუფები, უფრო დიდი, როგორებიცაა: სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანები და ა.შ.

დამატებით ვცდილობთ, იმავე კომპანიასთან, 100 000 დოზის მობილიზაციას. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის შუა რიცხვებამდე ველოდებით. მიმდინარეობს მოლაპარაკება. ეს არის გრიპის ვაქცინის მოცულობა, რომელიც გასამმაგებულია წინა წელთან შედარებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 196 აჭარაში დაფიქსირდა, 178 კი თბილისში. კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა.