სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ზიარების წესში ცვლილებები არ შევა და ეკლესიებს ეძლევათ რეკომენდაცია, გაახმოვანონ წირვები, რათა მორწმუნეებმა შეძლონ ფიზიკური დისტანციის დაცვა. მისივე თქმით, მან მოიფიქრა შემდეგ დევიზი, რომელსაც სთავაზობს მრევლს და ყველა ადამიანს – „არ გადასდო და არ გადაგედება”.
„მთავარი, რაც მინდა გითხრათ, ეს მე პირადად განვაცხადე სინოდზე და ყველას მინდა მოვუწოდო მრევლს და ყველა ადამიანს და გთავაზობთ ასეთ დევიზს – „არ გადასდო და არ გადაგედება“. ჩვენ გვეშინია იმის კი არა, რომ არ გადაგვედოს, არამედ იმის, რომ არ გადავდოთ. მეც შეიძლება დაინფიცირებული ვიყო, ვერავინ იტყვის. ჩვენ ვთავაზობთ ამ დევიზს და ვამბობთ, რომ ყველა რჩევას გავითვალისწინებთ, ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით და ასეთი რეკომენდაცია არც არსებობს, ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოების მადლმოსილებაში და მისტიურ კავშირში ღმერთთან, ამაში ეჭვს ვერ შევიტანთ”.
მისივე თქმით, იმ პირებს, ვინც რისკის ქვეშ არის, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ ადგილას ჩაუტარებენ სამღვდელო პირები მსახურებას.
„ასაკოვან ადამიანებს, საეჭვო ჯანმრთელობის მქონე პირებს და იმათ, ვისაც ეს ვირუსი დაუდგინდათ, თუ მათი თხოვნა იქნება, ჩვენ ყველგან მივალთ და ნებისმიერ მსახურებას შევასრულებთ საკუთრივ მათთვის.
ჩვენ ვართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ეკლესიის ოჯახის წევრი. ავკოკეფალია ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ყველა გადაწყვეტილებას ვღებულობთ დამოუკიდებლად. სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მიღებულ წესებზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს. ჩვენს დადგენილ წესებს, არავისთან ვათანხმებთ. იმაში, რომ საიდუმლოება მადლმოსილია და საფრთხეს არ შეიცავს, არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა“, – განაცადა ნიკოლოზმა.