პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ელჩებსა და მათ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ზურაბიშვილმა ელჩებს ბოდიშიც მოუხადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მათი ქვეყნების მიმართ „თავდასხმის გამო“. ზურაბიშვილის თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს მისი პარტნიორების მხრიდან არასდროს ურგძვნია დომინანტობა ან რომელიმე ამ ქვეყნისგან დამონების მცდელობა.
„ადგილი აქვს პროვოკაციასა და ძალადობას კონსტიტუციაზე, რომელშიც, როგორც ყველასათვისაა ცნობილი, ძალიან ნათლადაა ნათქვამი რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე მკაფიოდ არ მომისმენია. მოულოდნელად ისე ჩანს, თითქოს სხვა მიმართულება აქვს საქართველოს. ასე რომ, ესაა კონსტიტუციაზე ძალადობა.
ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა დავინახოთ და ხელისუფლებასთან თქვენი კომუნიკაციისას ხაზი გაუსვათ მათ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით, პარტნიორებისა და მოსახლეობის მიმართ გამოყენებულ ძალადობრივ რიტორიკაზე.
როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო, რომლებსაც შემდეგ ხელისუფლებისა და პარლამენტის ქვედა რგოლები საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმეორებენ.
ეს ყველაფერი სტაბილურ გარემოს არ ქმნის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილური გარემო, არჩევნებისკენ წასვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც ყველა იმ მიღებული კანონის შესწორების საშუალებას მოგვცემს, რომლებიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ნაკლებ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი, უკეთ უნდა აღიქვას რა არის მოსახლეობის ზოგადი ნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა ხელისუფლების მიერ ბოლო დროს შემოტანილ საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის რუსულ კანონს. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა სწორედ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ასევე პროვოკაციულად შეაფასა ზურაბიშვილმა რუსული კანონის მოსმენების თარიღებიც და ელჩებს, მისი თქმით, ამ მნიშვნელოვან პერიოდში მხარდაჭერა სთხოვა.
„ის პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან გადამწყვეტია, იქნება კანონის მესამე მოსმენა და ვფიქრობ, თარიღების არჩევის მეთოდიც ასევე, ცოტა პროვოკაციულია; ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღდგომის პერიოდში ხდება, რომელიც წესით გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის პერიოდი უნდა იყოს, თუმცა პირიქითაა. ბატონი ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენც მნიშვნელოვანი როლი გაქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობას დაანახოთ სტაბილურობა, დაანახოთ, რომ საქართველო მარტო არაა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ სვლას განაგრძობს.
ჩემი თხოვნა სწორედ ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაა, შემდეგ, ვიცი რომ ევროპელებისთვის სხვა პერიოდი იწყება – ევროპული საპარლამენტო არჩევნების“, – მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა.