გთხოვთ, ნუ გამოიყვანთ შვილებს პარლამენტთან - მაჩალიკაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის შენობის წინ, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო კარავი რამდენიმე წელი იდგა, დასუფთავების სამსახურმა აშალა და მის ნაცვლად, პოლიციის დახმარებით, ადგილზე ახლა ბატუტია გაშლილი.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ფაქტს განცხადებით ეხმაურება. ის თანამოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, რომ შვილები პარლამენტის წინ არ გამოიყვანონ.

„ჩემი თხოვნა იქნება: თბილისი დიდია, არის სახალწლო სოფელიც, ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს. იქ მესამე ახალწელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ რომ მითხრან თემირლანის მკვლელი ვინ არის, არ არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი. ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურის ძიებას ცდილობენ არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი

მაჩალიკაშვილი მიმართვაში წერს, რომ იცის, თემირლანს ვერ დაიბრუნებს, მაგრამ თანამოქალაქეების შვილების უსაფრთხოებისთვის იბრძვის „რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც“.


მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვები და აქციების ატრიბუტიკა წაიღო, შემდეგ კი ტერიტორია მორეცხა. სატვირთო მანქანით ადგილზე საბავშვო ატრაქციონებიც მიიტანეს.

პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილები. დაპირისპირება მოხდა პოლიციასთანაც. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 9 პირი.

როგორც უწყებაში „პუბლიკას” განუცხადეს, მათ პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დარღვევას ედავება.