პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყანაში მიმდინარე მომვლენების შესახებ ისაუბრა. მან მმართველ პარტიას მოუწოდა, არ გამოიყენონ 2-კვირიანი ვადა და რაც შეიძლება მალე წარუდგინონ პარლამენტს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა.
„მე დარბაზში ვხედავ როგორც პოზიციაში ისე ოპოზიციაში 2012 წლის დროინდელ თანამებრძოლებს. გავიხსენოთ, მეგობრებო, რისთვის ვიბრძოდით?! ის ტირანია, რაც სააკაშვილმა მოუტანა ქვეყანას. ერთად გადავწყვიტეთ, რომ დასრულებულიყო. 9 წელია გასული და რა მივიღეთ? ისევ დაპირისპირება, ისევ პოლარიზაცია. თქვენ ასევე გახსოვთ, არ დავუჭირეთ მხარი იმუნიტეტის მოხსნას. პირველ რიგში ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულიყო სტაბილურობა. ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვართ მტრები რომელიმე ჯგუფისა ჩვენი ქვეყნის. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი გენოფონდია. მიუხედავად იმისა, პოზიციაა თუ ოპოზიცია, ჩვენ მაინც ჰუმანურ ფარგლებში ვრჩებით ყოველთვის.“ – თქვა ზილფიმიანმა.
დავით ზილფანიანმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზე. მისი თქმით, სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ის ხელმძღვანელობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
„თვითონ დაადასტურა,რომ ხელმძღვანელობს პროცესებს საქართველოში. რამდენად შესაძლებელია, ეს ხდებოდეს სხვაგან? რა კანონმდებლობას ვეფუძნებით, რომ ასეთი რამეები ყურში გავატაროთ. იქნებ, ამ საკითხზე ვიფიქროთ.“ – განაცხადა დეპუტატმა.
მან ასევე მიმართა უმრავლესობას თხოვნით, რომ მალე წარუდგინონ პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი.
„ჩვენი ხედვა ამაში არის ის და მოგიწოდებთ, გთხოვთ, ვისაც გეხებათ ეს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ 2-კვირიანი ვადა და წარუდგინეთ პარლამენტს ახალი მთავრობის ხელმძღვანელი, რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განცხადება.“
გუშინ სასამართლომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე პროკურატურის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა. ენმ-ის ლიდერის თქმით, ის არ აპირებს, დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ოპოზიციური პარტიის ოფისში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ სხვა პარტიების ლიდერები. ისინი „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების შეცვლისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ. დღეს გადადგომის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავებაზე გუშინ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ვადებზე მას განსხვავებული ხედვა ჰქონდა და ვერ შეთანხმდა გუნდის სხვა წევრებთან.