გთხოვთ, შეარბილოთ ჩვენთვის რეგულაციები, რომ საგაზაფხულო სამუშაოები არ ჩავარდეს - ფერმერთა მიმართვა პრემიერს

პუბლიკა

საქართველოს ფერმერები პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარის ღია წერილით მიმართავენ. ფერმერები მთავრობისგან დაწესებული რეგულაციების გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებაში დახმარებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იაზრებენ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, სოფლის მეურნეობას აქვს თავისი კონკრეტული ვადები, როცა მნიშვნელოვანი საგაზაფხულო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ამის შესაძლებლობას ფერმერები ახლა მოკლებული არიან. საგაზაფხულო სამუშაოების ჩაუტარებლობამ კი შესაძლოა, ახალი – სასურსათო კრიზისი წარმოქმნას.

ფერმერების განცხადებით, მართალია, ავტომანქანებზე შეზღუდვის პირობებში ფერმერთათვის გამონაკლისი დაუშვეს და მანქანით გადაადგილებისთვის მისცეს – დილით 06:00-დან 08:00 საათამდე, ხოლო საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე დრო, მაგრამ ამ გამონაკლისით ბევრი ფერმერი რეალურად ვერ სარგებლობს.

„ავტომანქანით ფერმერისა და მუშახელის გადაადგილებისთვის საშვის გაცემა უკიდურესად არის გართულებული. ავტომანქანით გადაადგილების დრო (06:00 – 08:00 და 18:00 – 19:00 საათებში) და აგროსაშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მომსახურების საათები არ ემთხვევა ერთმანეთს.

შორ დისტანციაზე გადაადგილება ვისაც უწევს, მათთვის დილით 2 საათი და საღამოს 1 საათი არ არის საკმარისი, რომ წავიდეს ფერმაზე, ჩაატაროს აგროღონისძიებები და დაბრუნდეს სახლში“, – წერენ ფერმერები.

ფერმერები გიორგი გახარიას ამ პრობლემების გადაჭრისთვის სთავაზობენ, რომ შეიქმნას სპეციალური ცხელი ხაზი, რომელიც ფერმერებზე იქნება ორიენტირებული. შესაბამისად, საშვების ლოდინი დღეობით არ მოუწევთ. ფერმერთა განცხადებით, საშვის მიღების საკითხი სოფლად რწმუნებულებს, ქალაქში კი მერიის თანამშრომლებს შეიძლება დაევალოთ, ვინც გაცემულ ნებართვებზე ინფორმაციას შემდეგ პოლიციას გადაუგზავნის.

ასევე, ფერმერები ითხოვენ, რომ გაიზარდოს ავტომანქანების მოძრაობისთვის გამოყოფილი საათების რაოდენობა. ავტომანქანით მოძრაობის საათები ნაწილობრივ მაინც უნდა დაემთხვეს აგროსაშუალებების მაღაზიათა სამუშაო საათებს, რათა ფერმერებმა არამხოლოდ ფერმაში მისვლა, არამედ საჭირო აგროღონისძიებების ჩატარებაც შეძლონ.

„მოგმართავთ თხოვნით, რომ ფერმერებისთვის დაწესებული შეზღუდვები შერბილდეს, რათა მათ შეძლონ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი აგრო-სასურსათო პროდუქტების წარმოება და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გარკვეულწილად უზრუნველყოფა“, – ნათქვამია ფერმერთა მიმართვაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ზამბახიძე
  2. საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე – ბექა გონაშვილი
  3. რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი – კახა კონიაშვილი
  4. საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის დირექტორი – ბელა სონღულაშვილი
  5. მომავლის ფერმერის თავმჯდომარე – რუსუდან გოგაშვილი
  6. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ირაკლი არჯევანიძე
  7. საქართველოს ჩაის მწარომებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – თენგიზ სვანიძე
  8. ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“ – ალეკო ბაღდაძე
  9. ფერმერ ქალთა ასოციაციის თამჯდომარე – ირინა ფხოველიშვილი
  10. ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ლევან სილაგავა
  11. საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ხარხელაური