შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა. ასევე დაღუპულია ტურისტი, რომელიც პარაპლანით ჩამოვარდა, დაშავებული ინსტრუქტორი კი მაშველებმა ამოიყვანეს.
„სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია. ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია, ის ამოიყვანეს დაშავებული და გადაჰყავთ ახლა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს“, – თქვა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც გუდაურში, შემთხვევის ადგილას ჩავიდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პარაპლანით ფრენაზე რეგულაციები გამკაცრდება, მანამდე კი ფრენები აიკრძალება.
დღეს გუდაურის მიმდებარედ პარაპლანი ჩამოვარდა, დაიღუპა ტურისტი, ინსტრუქტორი კი დაშავდა. მათთან მისული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა/ ვერტმფრენში ეკიპაჟის წევრებთან ერთად მაშველები და ექიმები იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.