რუსი პოლიტიკოსი, ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსი გენადი გუდკოვი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მუდმივად არიან რუსული ფსბ-ის წარმომადგენლები და თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან.
ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძესთან ინტერვიუში გუდკოვმა თქვა, რომ ამის შესახებ მას რუსმა ოლიგარქებმა უთხრეს.
მისივე თქმით, კიდევ ერთი ჭორი, რაც პირადად მოისმინა, არის ის, რომ პუტინსა და ივანიშვილს შორის იყო შეთანხმება 2012 წლამდე.
გუდკოვმა თქვა:
„ვხვდები, რატომაც არის „ქართული ოცნების” მხრიდან პუტინზე მიჯაჭვულობა. როგორც იმ რუსმა ოლიგარქებმა მითხრეს, რომლებიც ივანიშვილს კარგად იცნობენ, იყო შეთანხმება პუტინსა და ივანიშვილს შორის იმის შესახებ, რომ პუტინი ხელს არ შეუშლიდა ბიძინა ივანიშვილის არჩევას საქართველოში და ამასთან, მისცემდა მას თავისი მრავალმილიარდიანი აქტივების გაყიდვის უფლებას. პუტინმა ეს დაპირება შეასრულა. მესმის, რომ არსებობს სერიოზული მორალური ვალდებულებები [ივანიშვილის მხრიდან]. ეს არის ჭორები, რაც ბევრჯერ მომისმენია იმ რუსი ოლიგარქებისგან, რომლებსაც პირადად ვიცნობ.
რაც შეეხება მეორე ჭორს, ის უარესია: ინფორმირებულმა პირებმა მითხრეს საქართველოდან, რომ საქართველოში ივანიშვილის პირობებში მუდმივად იმყოფებიან რუსული FSB-ს წარმომადგენლები, საკმაოდ მაღალი რანგის პირები.
როგორც მითხრეს, ისინი საზღვარს კვეთენ ყალბი დოკუმენტებით, ჩერდებიან იქ გარკვეული დროით, შემდეგ კი შემდეგ ცვლა ჩადის. როგორც ჩანს, ისინი, როგორღაც აკონტროლებენ და თანამშრომლობენ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან.
და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერაც შენარჩუნებულია დემოკრატიული საფუძვლები და ყველაფერი დაკარგული არ არის, ვხედავთ სერიოზულ სვლას პუტინის გზით. აგენტების კანონი რუსული კანონიდან არის გადაწერილი და არა მხოლოდ ეს კანონი. ვხედავთ ქმედებების კალკს, რომელიც იმეორებს რუსეთის დამონების პუტინის სცენარს. ამას ძალიან ცხადად ვხედავ. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველო ხელიდან უშვებს ისტორიულ შანსს, გახდეს დემოკრატიული ქვეყანა და გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი.
იმედი მაქვს, რომ პუტინს არ ეყოფა არც ძალა და არც დრო, შეაჩეროს საქართველოს თავისუფლებისკენ სვლა. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხს ეყოფა სიმამაცე, რწმენა და ნებისყოფა, გადალახოს ის დაბრკოლებები, რასაც ისინი ახლა ეჯახებიან”.
გენადი გუდკოვი თავადაც მუშაობდა ფსბ-ში – რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში. იყო ლეიტენანტი პოლკოვნიკი. 2001-დან 2012 წლამდე იყო რუსეთის დუმის დეპუტატი. 2007 წლიდან კი პუტინის მწვავე კრიტიკოსი გახდა.
2019 წელს მან რუსეთი დატოვა. 2024 წელს გუდკოვი ექსტრემისტად გამოაცხადეს.