გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტისგან - კალაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით,  გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება პრეზიდენტის მხრიდან მისთვის გულდასაწყვეტი იყო,  თუმცა ის აღნიშნავს, რომ როგორც პოლიტიკოსს, მას ესმის ამ გადაწყვეტილების.

„ჩემთვის, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა როგორც პოლიტიკოსს, მესმის ამ გადაწყვეტილების, განმარტებების, რომელიც იქნა გაკეთებული“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ განხორციელებულიყო.

„ოპოზიცია მიმართული იყო მაქსიმალურად იმისკენ, არსებული საარჩევნო სისტემა, რომელზეც ცვლილება უნდა განხორციელებულიყო, ვერ განხორციელებულიყო. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზიანს მოუტანდა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, მათ, უმრავლესობის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა“.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიის ლიდერები – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მან თავისი გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისა და დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მოტივით ახსნა.