რუსთავის მე-12 დაწესებულებაში „მთავარი არხის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, 26 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა. „მთავარი არხი” ინტერვიუს წერილობის ვერსიას ავრცელებს. გთავაზობთ ამონარიდებს:
– რა რეაქცია გქონდა [პროკურატურის ბრიფინგზე] და რას უპასუხებ მის შემოთავაზებას გირაოს გადახდაზე?
– არ დაგიმალავთ, ბევრი ვიცინე. ჯერ თვითონ პროკურორია სასაცილო პერსონაჟი, ჩუმად, გრძლად და გაუგებრად მოლაპარაკე. მერე მისი გამოსვლის შინაარსი სრული ბოდვა და დასაცინი. ნული შანსი, რა გირაო უნდა გადავიხადო, მსგავსი სისულელე რა მოაფიქრათ? ეტყობა ძალიან შეშინებული არიან საერთაშორისო გამოხმაურებებით. შემოაქვთ ჩემთან ყოველდღე და ვკითხულობ. სწორად არიან შეშინებული. რაც შეეხება გირაოს მესამე პირის მიერ შეტანას, ღიად ვამბობ, ვინც ფსევდო ალტრუისტული მიზეზით, ბიძინას დავალებით შეიტანს გირაოს, ის ივანიშვილზე დიდი მტერი იქნება ჩემი. ღიად ვამბობ და ვაფრთხილებ ყველას.
– რაზე გწყდება გული?
არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ალბათ ჯობია ვთქვა. გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ, საჯაროდ დამიცვა. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა ქოცმა, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე. და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ. ჩემ დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდეც მოსახლეობას, აი ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე კაცს ხმა არ ამოუღია. მისი პირადი კაბინეტის, ყოფილის, აღებას უყურა და ხმა არ დაუძრავს, მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ყველა, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავიზე და არაფერზე.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე;