გულორდავა: კომისიის თვითმიზანი მაუწყებლების წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმების გამოყენება არ იქნება

პუბლიკა

12 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ მაუწყებელთა შინაარსობრივი რეგულირების საკითხებზე ისაუბრა. აღნიშნული საკითხი კომისიის ბოლო განცხადების შემდეგ გახდა აქტუალური. წარსულში გულორდავა „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო პარლამენტში. კომისიის თავმჯდომარედ გულორდავა 2025 წლის დეკემბერში აირჩიეს.

„რაც შეეხება კანონს და კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, ეს ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში 2025 წლის აპრილში შევიდა, რის მიხედვითაც – კანონის რეგულირების ქვეშ მოექცა ისეთი საკითხები, როგორიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობის დაცვა, პასუხის უფლება, ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა ადამიანის ღირსებისა და პატივის შელახვა და ამასთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა, ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჟურნალისტური სტანდარტები და მანამდე მოქმედი მაუწყებლობის ქცევის კოდექსი, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წელს არის მიღებული, ამას ისედაც არეგულირებდა.

პასუხისმგებლობიან მედიას, რომელიც იცავს სტანდარტებს, ამ სტანდარტებით ისედაც უნდა ეხელმძღვანელა, თუმცა ანალიზმა აჩვენა, რომ წლების განმავლობაში ეს მაუწყებელთა კოდექსი ვერ სრულდებოდა და საკანონმდებლო გადაწყვეტილებით ამ საკითხების შინაარსობრივი რეგულაცია კანონის მოქმედების სფეროში გადავიდა,“- განაცხადა გულორდავამ „იმედის“ ეთერში.

კახა გულორდავას თქმით, კანონის მიღების შემდეგ, 2025 წლის აპრილიდან მაუწყებლებს მიეცათ 2-თვიანი საშეღავათო პერიოდი, რომ „არსებული სარედაქციო პრაქტიკა ამ რეგულაციების ჩარჩოებში მოექციათ“.

„კანონის მიღების შემდეგ, კომისიამ შინაარსობრივ რეგულირებაზე გზამკვლევი შეიმუშავა, რომელმაც განმარტა – რა არის სამართლიანობა, მიუკერძოებლობა; რას ნიშნავს პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები; როგორ უნდა გაიმიჯნოს მოსაზრება ფაქტისგან და ასევე ძალიან მკაფიოდ განსაზღვრულია – რაზე უნდა გაემახვილებინა კომისიას ყურადღება და რა შეფასების კრიტერიუმები იქნებოდა ამა თუ გადაცდომის შემთხვევაში“.

გულორდავას თქმით, ეს დოკუმენტი მაუწყებლებს 2025 წლის სექტემბერში დაეგზავნათ „თუმცა არცერთ მაუწყებელს შენიშვნა, კომენტარი არ გამოუთქვამს“.

„გარდა ამისა, მე როგორც ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთე, შევხვდი მაუწყებლებს. საქმიანი ფორმატი იყო შეთავაზებული, რომ გვემსჯელა გამოწვევებზე, მათ შორის, ამ რეგულაციებზე; როგორ უნდა შედგეს სარედაქციო პოლიტიკა, რას გულისხმობს კანონი, რაზე გაამახვილებს კომისია ამა თუ იმ გადაცდომის შემთხვევაში ყურადღებას. მაგრამ არც ამ შეხვედრის შედეგები გამოვლინდა“, – ამბობს გულორდავამ.

მისი თქმით, შეფასებები, რომ ეს რეგულაციები თავისუფალი სიტყვისა და მედიისთვის შემზღუდავია, მანიპულაციურია.

„თითქმის 1 წელია კომისია საჩივრებზე რეაგირების რეჟიმში რჩება და არ შესულა შინაარსობრივი რეგულირების ნაწილში. სულ 10 საჩივარია შინაარსობრივი რეგულირების კონტექსტში განხილული. 4 შემთხვევაში მაუწყებელი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, თუმცა ოთხივე შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.

მინდა, რომ ამას ხაზი გავუსვა, ეს ვინმეს სადამსჯელო მექანიზმისთვის რომ სჭირდებოდეს, კომისია გამოიყენებდა უფრო მკაცრ სანქციებს. მაგრამ შედეგი არ ის, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ ვერ შეცვალა ის სურათი, რომელიც მედიაში გვაქვს. არავითარ შემთხვევაში ეს რეგულაციები მედიების შეზღუდვისკენ არაა მიმართული, პირიქით მისი მიზანია მედიაგარემოს გაჯანსაღება.

რეგულაციის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ მედიის გაჯანსაღებისკენ იქნება გადადგმული. კომისიის თვითმიზანი მაუწყებლების წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმების და სანქციების გამოყენება არ იქნება. მიდგომა იქნება თანაბარი“, – განაცხადა გულორდავამ.

6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში კომისია წერს, რომ აუცილებლად მიაჩნიათ, პრაქტიკაში აამოქმედონ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს .“

აღნიშნული განცხადება კომისიამ ბრიტანეთის მიერ პროპაგანდისტული ტელეკომპანიების „იმედისა“ და „postTV“-ის დასანქცირების შემდეგ გამოაქვეყნა, რომელშიც ასევე ნეგატიურად შეაფასა ეს გადაწყვეტილება.

მედიის ადვოკატირების კოალიცია იმავე დღეს გამოეხმაურა კომისიის განცხადებას. კოალიციის შეფასებით, კომისიის განცხადება „შეიცავს მკაფიო სიგნალებს დამოუკიდებელი მედიის მიმართ შესაძლო ზეწოლისა და მუქარის შესახებ“.