გულშემატკივართა დასწრების მიზნით ჩემპიონთა ლიგის ფინალი თურქეთის ნაცვლად პორტუგალიაში იქნება

პუბლიკა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულის ნაცვლად პორტუში, ესტადიო დე დრაგაოზე ჩატარდება. ფინალი ინგლისურ კლუბებს, მაჩნესტერ სიტისა და ჩელსის შორის 29 მაისს უნდა გაიმართოს.

UEFA-ს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. თამაში სტამბულში, ათათურქის სტადიონზე უნდა გამართულიყო, მაგრამ გაერთიანებულმა სამეფომ კორონავირუსის გავრცელების გამო თურქეთი წითელ სიაში შეიყვანა და იქ ბრიტანელთა გამგზავრება გაამკაცრა. შესაბამისად, ინგლისელ ფანებს თამაშზე დასწრების საშუალება აღარ მიეცემათ.

UEFA-ს განცხადებით, მათ ფინალის ინგლისში გადატანა სურდათ, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდა და თამაში პორტუგალიაში იქნება, რომელმაც სწრაფად მოაგვარა საორგანიზაციო საკითხები.

UEFA თითოეული გუნდის გულშემატკივარს 6000 ბილეთს გამოუყოფს, რომელთა გაყიდვაც 24 მაისიდან დაიწყება.