გულშემატკივრები ესპანეთი-საქართველოს მატჩის ყურებას ისევ მესხის სტადიონზე შეძლებენ

პუბლიკა

გულშემატკივრები ესპანეთი-საქართველოს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირ ეთერში ყურებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისევ შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მატჩის ჩვენების პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

„ყველა გულშემატკივარს, ვისაც სურვილი აქვს, უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს, მობრძანდით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ჩვენებაზე დასწრება უფასოა. ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, პირველი ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

30 ივნისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.