ეცროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპული პერსპექტივის შესახებ მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა.
შეკითხვას იმის შესახებ – შეესაბამება თუ არა სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე – ევროკავშირის ელჩი პასუხობს, რომ ეს სიმართლეს კატეგორიულად არ შეესაბამება.
„კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ.
ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
შეკითხვაზე: რამდენად უკავშირდებოდა, ამ ეტაპზე, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები?
კარლ ჰარცელი პასუხობს: „ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა. ამ კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა . ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, ევროკავშირი საქართველოს ძლიერი პარტნიორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში დასახმარებლად, ჩვენ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩავდეთ. და, სულ ახლახან, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი მიღწევაა. ის შემდგომი ნაბიჯების საფუძვლად უნდა გამოვიყენოთ.“
რამდენიმე თვეა საქართველოს ხელისუფლება ავითარებს კონსპირაციულ თეორიას, თითქოს დასავლეთი ცდილობს რუსეთთან ომში ჩაითრიოს საქართველო. ამ თეორიას კელი დეგნანმა, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რუსული დეზინფორმაცია უწოდა.