გუმათში პოლიციის ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ. დავიწყეთ გამოძიება - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

„დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგანს ურტყამდნენ.

სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ამბობენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.


გუშინ თბილისიდან დაბრუნების შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ჯერ სოფელ გუმათში მდებარე კომპანია „ენკას“ ბაზასთან მივიდნენ, შემდეგ კი გუმათჰესამდე მოაწყვეს მსვლელობა, სადაც საპოლიციო ძალებია მობილიზებული. ადგილზე აღმართულია რკინის ბარიკადები.

„ეს ხმაური არ გაჩერდება, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მან თბილისიდან დაბრუნების შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ აქტივისტები გზებს გადაკეტავენ მხოლოდ კომპანია „ენკას“ ავტომობილებისთვის.