„იქნება ღია მსჯელობა“ — სტუ-ის რექტორის თქმით, აკადემიურ საბჭოს შეკრებს

პუბლიკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ მიმართა უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებსა და პროფესორებს, რომლებიც თსუ-სთან გაერთიანების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

გურგენიძის თქმით, გეგმავს, აკადემიური საბჭო შეკრიბოს და ღია მსჯელობა გამართოს. „ორშაბათს, სამშბათს არ გადავაცილებ“. – თქვა მან.

„თქვენთან შეთანხმებით ორშაბათს ან სამშაბათს აკადემიურ საბჭოს შევკრებ და იქნება ღია შეხვედრა და იქნება მსჯელობა. ვაცნობებ განათლების მინისტრს, ის საქართველოში არ არის, თუმცა მასთან კონტაქტი მაქვს. მისი ჩამობრძანებიდან იქნება საუბარი, რა ექნება საინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლას და მერე დიდ დარბაზში გადავწყვიტოთ საკითხი“. – თქვა დავით გურგენიძემ.

მისივე თქმით, „არავის მისცემს უფლებას, საკითხი პოლიტიკისკენ წაიყვანოს“.

„ამის პოლიტიკისკენ წაყვანის უფლებას არავის მივცემთ. აქ ადამიანების დათვლის უფლება არ აქვს. პროფესორები თავებით არ ითვლებიან. მე არსად გადადგომას არ ვაპირებ. სანამ მაქვს ეს უფლება სახელმწიფოსგან, ვარ თქვენი არჩეული და ლეგიტიმაცია მაქვს, თქვენთან ერთად ვარ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული. ამიტომ თითოეული სტუდენტის და ლექტორის აზრი მაინტერესებს, ამიტომ ვიმსჯელოთ“.

დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს „განათლებისა და საუნივერსიტეტო რეფორმისთვის“, კრიტიკას კი „ინტრიგები“ უწოდა.

„გთხოვთ და გეხვეწებით, მომეცით საშუალება და მიეცით თქვენს თავს საშუალება, რომ მაღალი აკადემიური განათლებითა და გონებით მივუდგეთ ამ საკითხს და გავიდეთ იმ გზაზე, რომელსაც ეს კედლები იმსახურებენ. მადლობა, გააგრძელეთ მსჯელობა და ინტრიგას, ტყუილს და პოლიტიკისკენ სწრაფვას თავი დაანებეთ! ყველაფერში იქნება სიწყნარე. არც ბატონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არც ბატონი მინისტრი, არც სამთავრობო გუნდი არ გააკეთებს უთქვენოდ რაიმეს, მერწმუნეთ“. – თქვა დავით გურგენიძემ.

9 იანვარს „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პარტიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება როგორც თსუ-ის, ისე სტუ-ის ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი. მესამე დღეა, მიმდინარეობს ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები.

დღეს სტუ-სთან შეკრებილებს მიტანილი აქვთ საპროტესტო ბანერები წარწერით: „ჩვენ არ დავთმობთ სტუ-ის“; „სტუ-ის ისტორია არ წაიშლება“; „ნუ კლავთ ტექნიკურ განათლებას“.