შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში სამართალდამცავებმა 68 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში დააკავეს. უწყების მტკიცებით, მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლის ყოფილ მეპატრონეს – 1958 წელს დაბადებულ ბ.ს.-ს, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აღნიშნავს უწყება განცხადებაში.
შსს-ს ცნობითვე, დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ი.ა. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავა და პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.