გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძარი ლოკალიზებულია - საგანგებო

პუბლიკა

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით,  ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს და პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, რომლებმაც ცეცხლის კერებზე წყალი უკვე 20-ჯერ დაასხეს. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.

მათივე თქმით, შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.