გურიაში, სტიქიის ზონაში ნაპოვნია მესამე ცხედარი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მწუხარება გამოთქვა სოფელ ჯიხანჯირში დაღუპული მოზარდის გამო.

„ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას.

„გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს“, – აცხადებს შსს.