გურიელიძე: პიროტექნიკის გამო ზოოპარკში, ბოლო 5 წელში, ანტილოპის სახეობის 2 გნუ დაიღუპა

პუბლიკა

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, პიროტექნიკის გამოყენებისას ზოოპარკში ბოლო 5 წელიწადში 2 ცხოველი მოკვდა – ანტილოპის სახეობის 2 გნუ.

მოულოდნელი ხმაური, რომელსაც თან განათება მოსდევს, ცხოველებისთვის გაუგებარი და აუხსნელი და შესაბამისად, საფრთხის შემცველია.

„ზოგიერთ შემთხვევაში ცხოველები იმალებიან, ზოგ შემთხვევაში კი იწყებენ სირბილს ყოველგვარი გარკვეული მიმართულების გარეშე. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ჩლიქოსანი ცხოველებისთვის – ისინი დიდი ზომის ცხოველები არიან და დიდი წონაც აქვთ. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასე ხდება ხოლმე ცხოველების დაზიანება და შეიძლება დაღუპვაც”. – თქვა ზოოპარკის დირექტორმა.

მისივე თქმით, ეს პრობლემის ერთი ფორმაა, მეორე კი არის სტრესი, რომელსაც შეიძლება ცხოველები სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ.

„ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა მძიმე დაავადება განვითარდეს. ის შესაძლოა, არა მყისიერად, არამედ რამდენიმე დღეში გამოვლინდეს და ნებისმიერი ჩარევა ასეთ დროს უკვე გვიანი იყოს“. – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

პიროტექნიკა აშინებს ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებსაც.

გარდა ამისა, მისი გამოყენების დროს ზიანდებიან ბავშვები.

12 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში მოზარდს პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩაუვარდა. აფეთქების შედეგად მან დამწვრობა მიიღო.

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, გუგა ქაშიბაძემ მაშინ თქვა, რომ ბავშვს დამწვრობა აქვს სახის, კისრის, გულ-მკერდის არეში, ორივე ზედა კიდურზე. საეჭვოა სასუნთქი გზების დაზიანება. ექიმის თქმით, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

2 დეკემბერს გავრცელდა პეტიცია პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ, რომელსაც ამ ეტაპზე 25787 ხელმოწერა აქვს.

„საქართველოში პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და მოხმარება, ფაქტობრივად, არ კონტროლდება. საგანგაშოა, რომ ქვეყანაში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე. უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების დროს მოქალაქეების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები“. – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები პარლამენტს მოუწოდებენ, დაიწყონ ოპოზიციის მიერ ინიციირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას; F1 კატეგორიის პიროტექნიკის გარდა (რომლის უსაფრთხოების მანძილი 1 მეტრია, ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში). სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.

პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან, შესაბამისად – 1000 და 5000 ლარით; პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტექნიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით.