გურიიდან 400-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა, მოზარდის ძებნა გრძელდება - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გურიაში ამ ეტაპზე, მეხანძრე-მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნები და არასრულწლოვანები. ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე არის ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა ბოლომდე მისვლა, ითხოვენ გამოყვანასაც.

„ამის გამო ჩვენ მობილიზებული გვყავს მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, რისი საშუალებითაც მოვახდენთ შესვლას იმ სოფლებში, სადაც ჩამოწოლილი მეწყრის გამო ვერ მოხერხდა ბოლომდე მისვლა“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართულობა არ არის საჭირო, „იყო მობილიზება ვერტმფრენის, თუმცა რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, ამ მხრივ ცოტა შეგვაფერხა, თუმცაღა საჭიროება ვერტმფრენის ჩართვის არ დადგა“.

„გურიაში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები, უხვმა ნალექმა გამოიწვია მეწყრული პროცესები, რითაც ჩაიხერგა რამდენიმე ათეულობით სოფლის მისასვლელი გზები, ასევე სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი, ერთ-ერთ სოფელში, ნგრევის შედეგად მოხუცი ქალბატონი მოყვა სახლში, რომელიც ამოსვენებულია მეხანძრე-მაშველების მიერ. ასევე, მოზარდის ცხედარია ნაპოვნი, ერთ-ერთ სოფელში და გადასვენებულია პროზექტურაში“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მობილიზებულია, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200 თანამშრომელი, ასევე პოლიციის დანაყოფები, მუნიციპალური სამსახურები და ინფრასტრუქტურის ქვეკონტრაქტორი მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებით მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები.

„ამ დრომდე შემოსულია 400-ზე მეტი შეტყობინება, ზოგი ერთმანეთის იდენტურია. მიმდინარეობს თითოეული ზარის და მისამართის გადამოწმება. ძირითადად ეს არის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვებთან დაკავშირებული შეტყობინებები, სადაც უკვე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოტუმბვით სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.