გურიის შემთხვევები დაკავშირებულია ფართომასშტაბიან ქორწილთან, თავი უნდა შევიკავოთ - გამყრელიძე

პუბლიკა

კორონავირუსის შემთხვევების ნაწილი გურიაში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გურიაში გვაქვს შემთხვევები, სამი გვქონდა გუშინ და დღეს დილას კიდევ ერთი დაემატა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბანში გაფართოებული ეპიდკვლევა დაიწყო. ასევე კვლევები მიმდინარეობს ოზურგეთის რაიონში. მინდა ერთი განცხადება გავაკეთო, ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდ, ფართომასშტაბიან ქორწილთან. ეს მოწოდება ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ, ვცხოვრობთ მთელ მსოფლიოში პანდემიის და საქართველოში ეპიდემიის პირობებში. აკრძალულია კანონით 100 ადამიანზე მეტის შეკრება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თავი უნდა შევიკავოთ, ეს არის განსაკუთრებულად მომეტებული რისკი, როცა ბევრი ადამიანი ყოველგვარი დაცვის გარეშე იკრიბება. რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში, რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა სჯობს, მაგრამ დროებით მეგობრებო სანამ ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკავოთ ამგვარი შეკრებებისგან, რადგან ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ინფექციის შემდგომი გავრცელებისა… გუშინაც იყო ამ საკითხზე საუბარი შესაბამის წრეებში და ვფიქრობ, რომ ამაზე შესაბამისი რეაქცია იქნება“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.