განახლება: სოფელ გურჯაანში ქალი მოკლეს, გარდაიცვალა მისი დაჭრილი მეუღლეც.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, მეზობლებს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დავას უკავშირდება.
მედიის ცნობითვე, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციამ გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 71 წლის პირი დააკავა. მას ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს – გ.ზ.-ს და მ.ზ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.