გურო იმნაძე საგამოძიებო უწყებებში ადამიანების დაბარებაზე

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, გურო იმნაძე ემაურება საგამოძიებო უწყებებში მოქალაქეთა მასობრივ დაბარებებს.

მისი რჩევებია:

პირველ რიგში, ეცადეთ, რომ როდესაც დაგიკავშირდებიან ტელეფონზე, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოიკითხოთ გამომძიებლისგან – რა საქმეზე ხდება დაბარება, რომელი მუხლით მიმდინარე გამოძიებაზე, რა თარიღში ჩადენილ დანაშაულზე და ა.შ… (სავარაუდოდ, ყველა ამ კითხვაზე პასუხებს ვერ მიიღებთ, მაგრამ რაც მეტად იქნებით ინფორმირებული, უკეთესი).

გვახსოვდეს, რომ ყველას გვაქვს უფლება გამოკითხვაზე არ გამოვცხადდეთ (საგამოძიებო უწყებაში მისვლა ნებაყოფლობითია). უარის შემდეგ, სამართალდამცავებს შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ თქვენი დაკითხვის თაობაზე და თუკი სასამართლო დაგიბარებთ, იქ გამოცახდება უკვე სავალდებულოა.

გამოკითხვის/დაკითხვის პროცედურა როგორც წესი, არაა განსაკუთრებულად სტრესული და შესაბამისად, ამ ზარმაც თუ მოწვევამაც არ დაგზაფროთ. ჯობია, ჩვენების მიცემის დროს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ და მხოლოდ ის თქვათ, რაც ზუსტად და მკაფიოდ გახსოვთ რომ დაინახეთ/მოისმინეთ. ასევე, თუკი იცით, კონკრეტულად რა ამბავზე გიბარებენ, ჯობია მანამდე კარგად აღიდგინოთ ამ მოვლენებზე მახსოვრობა და კონკრეტულ ეპიზოდებში თქვენ სად იყავით.

ყველაზე ოპტიმალური მაინც ის არის, რომ დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდეთ (თუ არადა, წინასწარ მაინც გქონდეთ მასთან კონსულტაცია გავლილი).

და ბოლოს – ეს დაბარებებიც იმ ხაზის გაგრძელებაა, ჩვენ, ჩვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს უცხო ნომრებიდან რომ ურეკავდნენ იმის გამო, რომ აქციებზე ვიდექით. ამისი ერთადერთი მიზანი ისევ ჩვენი დაშინება და დაზაფვრაა, იმიტომ რომ სატელეფონო მუქარებმა და ფიზიკურმა ძალადობამ, როგორც ჩანს, არ იმუშავა. – წერს იურისტი.