იურისტი გურო იმნაძე მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის პოზიციას აკრიტიკებს.
ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „ბათუმელების“ დირექტორისთვის პატიმრობის შეფარდება არ იყო საჭირო სტანდარტით დასაბუთებული.
იოსელიანმა თქვა, რომ მან სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება და აღნიშნა, რომ „არ ამართლებს პოლიციელზე დარტყმას, მაგრამ კონტექსტი – რა პირობებშიც მოხდა, როგორ იყო ეს ადამიანი აღელვებული, რაც იყო და როგორც იყო, ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ არის აუცილებლობა, რომ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება იქნას გამოყენებული”.
იურისტი გურამ იმნაძე წერს, რომ სახალხო დამცველი შეცდომას უშვებს, როცა პრობლემას მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში ხედავს და არა ზოგადად, მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდებაში.
იმნაძის თქმით, ამაღლობელის საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მეორეხარისხოვანი პრობლემაა, მთავარი სამართლებრივი ნონსენსი მის მიმართ წაყენებული ბრალდებაა – პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს. სისხლის სამართლის კოდექსშივე გვაქვს სპეციალური მუხლი, რომელიც ამბობს, რომ თუნდაც ფორმალურად არსებობდეს დანაშაულის ნიშნები, თუკი ქმედება უმნიშვნელოა, არ შეიძლება მისი ჩადენის გამო ადამიანი სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.
ამ შემთხვვაში კი სილის გაწვნას არათუ მცირე მნიშვნელობა ჰქონდა, ის მხოლოდ სიმბოლური რეაქცია იყო პოლიციელის იმ ქმედებაზე, რასაც მანამდე ჰქონდა ადგილი მზიას თუ სხვა მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან. შესაბამისად, შეუძლებელია ეს ქმედება სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულად განვიხილოთ, რომელიც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესმის, რომ ჩვენი სისლხის სამართლის კოდექსი სახიფათოდ ბუნდოვანი ტერმინოლოგიით არის დაწერილი და ფართო ინტერპრეტაციების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უამრავი არგუმენტი არსებობს, რატომაც ეს ბრალდება უსაფუძვლოა. ერთ-ერთ ასეთ არგუმენტს თავად სისხლის სამართლის კოდექსივე გვაძლევს: კოდექსის 325-ე მუხლი დასჯადად აცხადებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას, ნორმის დისპოზიციაში კი თავდასხმად მიჩნეულია პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა. ტერმინოლოგიურად ხომ შეუძლებელია, ერთ შემთხვევაში კოდექსი თავდასხმად სხვა რამეს გულისხმობდეს, მეორეში კი – სხვას.
სახალხო დამცველიც სწორედ ამ საკითხებზე უნდა საუბრობდეს და ამ პრობლემაზე მიმართავდეს სასამართლოს. ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა მეტ გამბედაობას და პრინციპულობას მოითხოვს, მითუმეტეს სახალხო დამცველისგან, რომელსაც საჭირო მანდატიც აქვს და საკმარისად კვალიფიციური სტაფიც, რომ ასეთ საკითხებზე არგუმენტაცია მომზადდეს. ამ საქმეზე რომ პატიმრობის გამოყენება უსაფუძვლოა, ამას მეორე კურსის სტუდენტიც დაასაბუთებს“, – წერს იმნაძე.