გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ „გურული დღიურების” ფონდი საახალწლოდ მცირე ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ლევან ზურაბაშვილის დედას.
„ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა. ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო. აბა, ეს რას უშველის, არც არაფერს, მაგრამ გურული დღიურების ფონდში, რომელიც საგანმანათლებლოა, საახალწლოდ რომელიმე შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით. ახლა გადავწყვიტეთ და მას დავეხმარებით – ყოფილი მასწავლებელი გამოდგა ქალბატონი ლამარა.” – წერს გიორგი კეკელიძე.
ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა. ასეთი დედები არ…
Posted by Giorgi Kekelidze on Sunday, November 22, 2020
20 ნოემბერს სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მალევე შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შენობაში იმყოფებოდა 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი.
სოციალურ ქსელში იმავე დღეს გავრცელდა თავდამსხმელის ვიდეომიმართვა. თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებდა.
„აიკრძალოს ყველა აკრძალული თამაში. არა აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტსივრცეში იქნება თუ სხვაგან. ბანკებს მიეცეთ უფლება, რომ წლიური პროცენტი… დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია, ყველას, ვისაც აქვს სესხი, მთელ საქართველოს გადაუტანონ 7%-ში. მესამე – შეამცირეთ წამლების ფასი; ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებს ის.
სამართალდამცველებმა მძევლები იმავე დღეს გაათავისუფლეს, თავდამსხმელი კი დააკავეს.
ლევან ზურაბიშვილს პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა. დაკავებულს ბრალი ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით წაუყენეს.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.