გუშინ 19 000 დაჯავშნილი ადგილიდან 3 000 ადამიანი არ გამოცხადდა, ვსწავლობთ მიზეზებს - გამყრელიძე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინები არის ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, მოსახლეობა აიცრას აქტიურად.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი აუქმებს ჯავშანს ან არ მიდის აცრაზე.

„მნიშვნელოვანი მიგნებაა ბოლო ორი დღის, რომ გუშინ გვქონდა ჩვენ 19 000 ჯავშანი და აქედან 3 000 ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე ან არ ჩაიტარა აცრა, როცა იყო ჯავშანი. ამიტომ ჩვენს აიტი სამსახურებთან ვსწავლობთ, გაუქმების მიზეზები რა იყო და ეს მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ეჭვი იყოს, რომ ადამიანების ნაწილი მიზანმიმართულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს, თუმცა არის მეორე, რადგან ინფიცირების რაოდენობა მაღალი გვაქვს, შეიძლება, ადამიანები ინფიცირდებიან და შემდეგ აღარ მიდიან აცრაზე. გვქონდა ასევე მესამე ვარიანტი – დაჯავშნილი ჰქონდათ სინოფარმი და შემდეგ გადაჯავშნეს ფაიზერზე“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ამ დილის მონაცემებით, 4 700 ადგილია თავისუფალი ფაიზერზე, ძირითადად, რეგიონებში. 17 791 – ასტრაზენეკაზე, სინოფარმზე  თავისუფალი ადგილი 79 000-ს,  სინოვაკზე კი – 73 ათასს აღემატება.