გუშინ აჭარაში 116 ნიმუშზე ჩატარდა კვლევა და პასუხი ყველაზე უარყოფითია - ნიჟარაძე

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან რეგიონში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გუშინ დღის განმავლობაში 116 ნიმუშზე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა და პასუხი ყველა ნიმუშზე უარყოფითია.

„გუშინ დადასტურების შემთხვევა არ გვქონია. გუშინ ქობულეთიდან ჩვენ აღვრიცხეთ 108 კონტაქტი. ეს გახლავთ როგორც სამედიცინო პერსონალი ქობულეთის, ისე ოჯახის წევრები. კონტაქტებიდან ნიმუშების აღება ხდება გარკვეული ვადისა და პროტოკოლის დაცვით, რაც მოიცავს რესპირაციულ ჩივილებზე ზედამხედველობას და კონტაქტიდან გასული დღეების რაოდენობას. ის რაოდენობა რომელიც უკვე გატესტილია, ამ პირებთან ძირითადი რისკი გადავლილია მაგრამ ზედამხედველობისთვის რჩება კიდევ რამდენიმე დღეს და ამიტომ ყველა ლაბორატორიულად აღრიცხულ პირს მკაცრი რეკომენდაცია აქვთ როგორც თვითზოლაციის, ისე კარანტინის”, – განაცხადა ნიჟარაძემ.

მისი თქმით, მუშაობას შესაბამისი სამსახური აგრძელებს და შეიძლება კონტაქტების რაოდენობა გაიზარდოს. თუმცა ფიქრობს, რომ ეს იქნება ერთეული შემთხვევები, რადგან ძირითადი რაოდენობა კონტაქტების უკვე იდენტიფიცირებულია.

7 აპრილს ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა და ის ორი დღის განმავლობაში ორ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ქალს აღენიშნებოდა მუცლის ტკივილი და დიარეა.

8 აპრილს აჭარაში ლაბორატორიულად 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ყველა შემთხვევა 60 წლამდე ინფიცირებული ქალის კონტაქტები არიან.