გუშინ დადგა აუცილებლობა, საველე ჰოსპიტლის ოპერირება დაგვეწყო, 9 პაციენტი განთავსდა - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. მისივე თქმით, გუშინ უკვე დადგა საჭიროება, რომ პაციენტები საველე ჰოსპიტალში მოეთავსებინათ.

„გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილბლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას.

საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია  პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადამისამართება, სიმძიმიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, 2-3 დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა  სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში იმისდა მიხედვით, სად იქნება მისი მართვისთვის საჭირო პირობები“, – განაცხადა გაბუნიამ.