გუშინ დაგვემშვიდობა, ბრიუსელში გამგზავრება ჰქონდა დაგეგმილი. სასიხარულოა, რომ დარჩა | პაპუაშვილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა კრისიტიან დანიელსონის გადაწყვეტილება ვიზიტის გახანგრძლივებაზე დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებთან გუშინ, დღის ბოლოს გამართული შეხვედრის შემდეგ დანიელსონს ბრიუსელში გამგზავრება ჰქონდა დაგეგმილი და ის მმართველი პარტიის წარმომადგენლებს დაემშვიდობა.

„სასიხარულოა, რომ მედიატორი დარჩა საქართველოში. ჩვენ გუშინ ბოლო შეხვედრის შემდეგ დაგვემშვიდობა. მას დაგეგმილი ჰქონდა გამგზავრება უკან, ბრიუსელში, თუმცა კარგია, რომ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა დაინახა და დარჩა. დღეს ის ოპოზიციას ხვდება იმისთვის, რომ ის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა ოპოზიციის მხრიდან, შეთანხმდეს. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი და მედიაციის პროცესი საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი გაიგებს, რომ „ოცნება“ იყო ყველაზე კონსტრუქციული. იგივე მესიჯი და იგივე გზავნილი გვაქვს შარლ მიშელისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შვედი დიპლომატი ქრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. სამი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციურ პარტიებთან. გუშინ დღის ბოლოს იყო მოლოდინი, რომ 3-დღიანი მოლაპარაკებების ბოლოს გაიმართებოდა ერთობლივი შეხვედრა ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის, თუმცა შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ბრიუსელში პრემიერ- მინისტრის ვიზიტის შემდეგ განახლდება.

არჩილ თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ჯერ კიდევ საჭიროა ნაბიჯების გადადგმა. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს გაემგზავრა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები დილიდან განაახლა. ის უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს.