გუშინ კარვებს PCR-ტესტისთვის 1, 494-მა მოქალაქემ მიმართა, პოლიკლინიკებს კი - 642-მა - აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობში აჭარაში კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა.

„აქედან 2 შემთხვევა გუშინ გაჟღერდა („ოაზისი“, მუნიცი. ავტობუსის მძღოლი). დღის ბოლოს გამოვლენილი 4 შემთხვევიდან 1 „დონას“ კონტაქტია, 1 – თურქი მძღოლი, 1 – კარანტინიდან, 1 – ცხელების ცენტრიდან. ჯამში რესპუბლიკურში მკურნალობს 49 პაციენტი, 2 გამოჯანმრთელდა და გაეწერა“, – აცხადებენ უწყებაში. 

სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ კარვებს უფასო PCR-ტესტისთვის მიმართა 1494-მა მოქალაქემ, აქედან ბათუმში – 1443-მა და ქობულეთში – 51 -მა; პოლიკლინიკებს კი – 642-მა პირმა. ღია კაფე-ბარების, ბუნგალოებისა და ღამის კლუბებში გაიტესტა 79 თანამშრომელი. 924 ნიმუში აიღეს „ოაზისში“. კარვებში 1 სექტემბერს აღებული 600 კვლევის პასუხი სრულად ჯერ არ დასრულებულა.

„დღეს გვაქვს 20 ახალი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, უაღრესად საყურადღებოა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გუშინ ქვეყანაში გაკეთდა 7186 ტესტი, რომელზეც დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება პასუხი, რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებისას.