ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა, რომ გუშინ ხელი მოეწერა სამთავრობო ხელშეკრულებას და დაახლოებით ორ კვირაში „რემდესივირს“ საქართველოში შემოიტანენ.
„მიუხედავად იმისა, რომ „რემდესივირზე“ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგალითად, ამერიკაში მას ოფიციალურად მისცეს რეკომენდაცია ყველა კოვიდინფიცირებულის სამკურნალოდ, ამერიკის ნაციონალურმა ინსტიტუტებმა თავის გაიდლაინში ოფიციალურად შეიტანა და უწევს რეკომენდაციას. ამავდროულად, ჯანმომ არ შეიტანა თავის გაიდლაინში და ამბობს, რომ მის კვლევაში ვერ უჩვენა „რემდესევირმა“ საკმარისი ეფექტურობა.
ასევე, „რემდესივირი“ არ განიხილება, როგორც 100%-იანი გარანტიის მქონე მედიკამენტი, თუმცა უკეთესი დღეს არ არის. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ შემოეტანა „რემდესივირი“. როგორც ვიცი, გუშინ მოეწერა ხელი სამთავრობო ხელშეკრულებას, სადღაც ორ კვირაში შემოიტანენ“, – აცხადებს ცერცვაძე.
ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ „რემდესივირი“, ბოლო მონაცემებით, ნაჩვენებია ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისათვის.
„მინდა, დავაზუსტო, რომ შემდეგში არ იყოს არაჯანსაღი მოლოდინი – „რემდესივირი“ ბოლო მონაცემებით და რეკომენდაცებით ნაჩვენებია ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისათვის, ანუ ვისაც აქვს სუნთქვის გაძნელების პრობლემები ადრეულ სტადიაზე, როდესაც ვირუსის გავრცელების რეფლიკაცია ჯერ კიდევ ხდება, რადგან ეს არის ანტივირუსული მედიკამენტი. ხოლო დაგვიანებულ სტადიაზე, როდესაც ვირუსის რეფლიკაცია, ასე ვთქვათ, დამთავრებულია და სხვა ფაქტორები გამოდის წინა პლანზე, იქ „რემდესივირი“ სამწუხაროდ არაეფექტურია. ამიტომ საქართველოში შემოტანის შემდეგ დაიხვეწება სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ზუსტად იქნება გაწერილი, რა კატეგორიას უნდა მიეცეს „რემდესევირი“, რამეთუ სხვებთან ის ექეფქტიანი არ იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.