შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და, ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 180 მოქალაქე დააჯარიმეს.
გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დააჯარიმა.
1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
მონიტორინგის შედეგად თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით – ფიზიკური პირი ჯარიმდება 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.