თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გუშინ 29 აგვისტოს, დედაქალაქში მოსულმა ნალექმა 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას ორჯერ მეტად გადააჭარბა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულიად მობილიზებული გვყავდა ჩვენი შესაბამისი სამსახურები, იმიტომ, რომ როდესაც ხდება ამინდის ცვლილება, მაშინვე ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა გამგეობების მხრიდან, შესაბამისი სამსახურების მხრიდან და ამჯერადაც, რა თქმა უნდა, რეაგირება ჩვენი მხრიდან იყო დროული, სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. როგორც იცით, წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია და სხვადასხვა უბნებში შექმნა პრობლემები“, – აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძემ დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემაზეც ისაუბრა.
„განცხადებები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს დედაქალაქში. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არის და ამას, რა თქმა უნდა, პირველები ვამბობთ ჩვენ და შემთხვევით არ არის ის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველგან ვცდილობთ პირველი მიწისქვეშა კომუნიკაციები მოვაწესრიგოთ”, – თქვა თბილისის მერმა.
გუშინ, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, ასევე დაზიანდა ელექტროსადენები.