ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან, ორი არის შემოტანილი საკარანტინო ზონიდან და ერთი – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.
„დაგვემატა კვლავ 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 914 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც 3-ით გაიზარდა და 768-დან 771-მიაღწია. ამ მონაცემებით, ვინაიდან რამდენიც გამოჯანმრთელდა, იმდენი ახალი [პაციენტი] დაგვემატა, კვლავ 129 პაციენტი მკურნალობს covid-ცენტრებში“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, სამი ახალი პაციენტიდან ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი მათგანი მკურნალობს.
„გუშინ მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა პროგნოზულად, ჯერჯერობით, სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ მას აქვს მძიმე პნევმონია და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს. შემოსვლიდან დღის განმავლობაში კვლავ გრძელდება პროგრესირება. გვაქვს მძიმე პნევმონია. არსებული კვლევებით მონაცემები ადასტურებს, რომ სიტუაცია საშუალოზე მძიმეა. ვნახოთ, არსებული მკურნალობის ფონზე, შემდგომი პროგნოზი შეიძლება მომდევნო დღეების მონაცემებით გითხრათ”, – ამბობს მარინა ეზუგბაია.
ეზუგბაიას განცხადებით, მათთან შეყვანილი პაციენტის წყაროების კვლევა გრძელდება. ის იმედოვნებს, რომ ახალი პაციენტის პირველწყაროს დადგენა რთული არ იქნება.