გუშინ ქვეყანაში შემოვიდა 77 000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, ღამით ქვეყანაში შემოვიდა 77 000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. 1 ნოემბერს ელოდებიან დამატებით 11 000 დოზა ვაქცინის შემოსვლას.

მისი განმარტებით, მიღებული ვაქცინა უკვე გადანაწილდა ქვეყნის მასშტაბით.

მისივე ინფორმაციით, აქამდე ქვეყანაში შემოტანილი გრიპის ვაქცინიდან (25 000 დოზა) 13 000 უკვე ათვისებულია.

„დღეიდან, ვინც რისკჯგუფებშია… განსაკუთრებით ფართო რისკჯგუფების აცრა დაიწყება დღეიდან. ეს არის სამედიცინო პერსონალი (იმიტომ, რომ ისინი წინა ხაზზე არიან), დიაბეტის მქონეები, როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები, ასევე – 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომელთაც აქვთ ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. აიცრება ქართული ჯარის ნაწილები, პატრულის თანამშრომლები და ა.შ. დეტალური ინფორმაცია რისკჯგუფებისა და პოლიკლინიკების შესახებ, სადაც აცრას შეძლებენ, განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი ქვეყანაში არ ცირკულირებს და, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებიდან გააქტიურდება.

„ამიტომ მივმართავ მოსახლეობას, რისკჯგუფებს, დროულად მივიდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ნოემბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში დამატებით შემოვა 23 000 დოზა ვაქცინა. დაახლოებით 40 000 დოზა ვაქცინა შემოაქვს კერძო სექტორს.