გუშინ რესტორან „ქვევრში” სროლა იყო – შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
„TV პირველი” თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაპირისპირება მოხდა რესტორან „ქვევრის” მფლობელ ლაშა ბასლანძესა და ფართის მფლობელ შალვა ტიბუას შორის, რის შემდეგაც ლაშა ბასლანძემ იარაღიდან გაისროლა.
მათივე ცნობით, დაკითხვაზე იმყოფება შალვა ტიბუა, ხოლო ბასლანძე გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ.
განახლება: მოგვიანებით, „ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა რესტორანი ქვევრის მფლობელის, შალვა ტიბუას ადვოკატის, თამარ აბესაძის კომენტარი, რომელშიც ის ადასტურებს, რომ რესტორანში დაპირისპირება ლაშა ბასლანძესა და შალვა ტიბუას შორის მოხდა, რა დროსაც იყო გასროლა.
„მესაკუთრე ტიბუასგან იჯარით იყო გადაცემული „ქვევრი“ ლაშა ბასლანძისთვის. ვინაიდან არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებული თანხის ანაზღაურება, ამასთან საბანკო ვალდებულებით იყო ნაყიდი აღნიშნული რესტორანი ტიბუას მიერ, ხელშეკრულება შეუწყვიტა ლაშა ბასლანძეს, დაატოვებინა ფართი, ვინაიდან არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს როგორც მეიჯარე.
ამან გამოიწვია განაწყენება და მოახდინა თავდასხმა შუაგულ რესტორანში. დაცვის თანამშრომელს აქვს დაზიანება, თავად ტიბუას მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება.
ლაშა ბასლანძემ წინასწარ დაურეკა ტიბუას, მივიდა რესტორანში. მას ხელშეკრულება არ ჰქონდა, ყველაფერი გაუქმებული ჰქონდა, პირდაპირ მიეჭრა რესტორანში, ის იყო შეიარაღებული. ახლა ამბობენ, რომ პნევმატური იარაღი იყოო. იარაღის დემონსტრირებით დაესხა თავს რესტორნის მესაკუთრეს. ატყდა ჩხუბი, იყო გასროლა. დაზიანდნენ ადამიანები. შალვა ტიბუა გამოიკითხა, ახლა ვიდეოკამერები უნდა წარვუდგინოთ, სადაც ჩანს რა მოხდა”.