მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე მისი ცოლი, იულია ნავალნაია დააკავეს – ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ წერს.
BBC-ის ინფორმაციით, იულია ნავალნაია დაკავების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. გუშინ, 31 დეკემბერს ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებზე პოლიციამ 5 045 ადამიანი დააკავა, მათ შორის – 1600-მდე ადამიანი მოსკოვში.
OVD info-ს მიხედვით, 31 დეკემბერს რეკორდული რაოდენობით აქციის მონაწილე დააკავეს. OVD info 2011 წლის შემდეგ აკვირდება დაკავებების პროცესს.
ნავალნის გუნდის გამცხადებით, ისინი დაელოდებიან სამშაბათს, როდესაც ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „ანტიკორუფციული ფონდის“ დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს აეროპორტში დააკავეს, მას შემდეგ, რაც ის გერმანიიდან რუსეთში ჩაფრინდა. მას 28 დეკემბერს რუსეთის პროკურატურამ ულტიმატუმი წაუყენა, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო მოსკოვში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ. ნავალნის პირობითი მსჯავრი ჰქონდა, რომელიც 30 დეკემბერს იწურებოდა.
ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობის კურსს გადიოდა. გერმანიის მთავრობის თქმით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს.
ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.
21 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-მა კომაში მყოფი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადასაყვანად რუსეთში სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი გააგზავნა და ის გერმანიაში გადაიყვანეს. ნავალნი მის მოწამვლაში რუსეთის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლება ბრალდება არაერთხელ უარყვეს.
View this post on Instagram