გუშინ სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის მუშაობაზე - ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, განცხადებით, ომბუდსმენის წარმომადგენლები რეგულარულად ამოწმებენ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობას. მისი განცხადებით, პირობებისა და პატიმრის მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით, სახალხო დამცველს დარღვევები არ დაუფიქსირებია.

ომბუდსმენის თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯაროდ საუბრის უფლება არ აქვს.

ლომჯარიამ, მოვლენების განვითარების შესაბამისად, სააკაშვილის ხელმეორედ მონახულება არ გამორიცხა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის არშეშვებას, როგორც ლომჯარია ამბობს, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობაში განუმარტეს, რომ მისი განცხადება არასწორადაა დაწერილი. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ექიმის განცხადება მას არ უნახავს.

„ცოტა ხნის წინ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი. განაცხადეს, რომ განცხადება იყო თითქოს არასწორად დაწერილი პირადი ექიმის მხრიდან, ამიტომ ვთხოვე, დაუკავშირდნენ და აუხსნან, რა პროცედურებია დასაცავი. ვიცი, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის მუშაობაზე. ელოდებიან ოფიციალურ მიმართვას.

არ ვიცი, არ მინახავს განცხადება. პენიტენციურში ამბობენ, რომ არასწორად არის მოთხოვნილი. არის ერთთვიანი ულიმიტო შესვლა, რასაც არ ითვალისწინებს პროცედურები, ანუ თითოეულ შესვლაზე განცხადებები უნდა დაიწეროს ცალ-ცალკე“, – განაცხადა ლომჯარიამ.