„გუშინ შევიტანეთ კანდიდატობის კითხვარი, ხვალ გავხდებით EU-ს წევრი“ - პრეზიდენტი

პუბლიკა

გერმანიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბერლინის კედლის ფრაგმენტთან გადაღებული ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის ევროკავშირის კითხვარის შევსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბერლინის კედელი საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის იმის მაგალითია, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

„ბერლინის კედელი ჩვენთვის ყველასთვის: უკრაინელების, ქართველებისა და მოლდოველებისთვის ყველაზე დიდი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რომ ყველაფერი მთავრდება. ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერია შეუძლებელი! გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის კითხვარი, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს ყველაზე დიდი იმედია! ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა!“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში სამუშაო ვიზიტით 2 მაისს გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს.

ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს მხარდაჭერის საკითხი ევროინტეგრაციის პროცესში.